გიორგი მელაშვილი – ბიოგრაფია

გიორგი მელაშვილი დაიბადა 1994 წლის 20 აპრილს თბილისში.

გიორგის ბაბუა, ალექსანდრე ბერულავა, გამოჩენილი ქართველი ჟურნალისტი, აფხაზეთის ქართული ტელევიზიის დაფმუძნებელი, აფხაზეთში ომის დროს იგი იყო აფხაზეთის ტელევიზიის ხელმძღვანელი, სამხედრო პრესცენტრისა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრესცენტრის ხელმძღვანელი. სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ მინისტრთა საბჭოს შენობის ალყისა და შტურმის დროს, იგი დაიღუპა ჟიული შარტავასა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად. საქართველოს პრეზიდენტმა იგი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

სკოლაში სწავლის პერიოდში გიორგიმ ბიზნესის ეთიკის პროგრამა გაიარა, აგრეთვე იყო ოლიმპიადებში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისური ენისა და კულტურის შესახებ ბაქსვუდის ზაფხულის სკოლაში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა. მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონკურსში მიღებული აქვს ოქროს მედალი. არის საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ქართული ენის ოლიმპიადის გამარჯვებული, ჩართული იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში ნატოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო ცენტრების რეგიონული ვორქშოპი, წარმატებით მონაწილეობდა საერთაშორისო შეჯიბრებებში – ალიანტე და Europa Secura. სკოლაში სწავლისას გიორგი აქტიურად იყო ჩართული სკოლის ვებ-გვერდისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩამოყალიბებაში.

2012-2016 წლებში გიორგი სწავლობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით. 2013 წელს გიორგი მონაწილეობდა ლიდერობის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რომელიც საქართველოში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების, თავისუფალი უნივერსიტეტისა და საერთაშორისო სპარკ პროგრამის ორგანიზებით განხორციელდა. 2014 წლის ზაფხულში ისრაელის მთავრობის სტიპენდიით იგი მონაწილეობდა ისრაელში ხაიფას უნივერსიტეტის კურსში კონტრ-ტერორიზმისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ, ასევე ისრაელისა და ებრაული ენის შესახებ.

2015 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსში გამარჯვების შემდეგ,  ა.შ.შ.-ში, ადელფის უნივერსიტეტში მან გაიარა სპეციალური პროგრამა  „მრავალი ენა – ერთი მსოფლიო“. ამავე წელს, კორეის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიით, ის ჩაერთო კორეული მეცნიერებების აკადემიის მიერ ორგანიზებული კურსში, რომელიც ეხებოდა კორეის ეკონომიკურ განვითარებასა და საერთაშორისო პოლიტიკას აზიის რეგიონში. 2017 წელს გიორგი გაემგზავრა შვედეთში, მალმოოს უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობდა შვედეთის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ საზაფხულო აკადემიაში ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. 2018 წლის ბოლოს, ნაუმანის ფონდის მოწვევით, იგი იმყოფებოდა გერმანიაში ლიდერობის საერთაშორისო აკადემიის მიერ პოლიტიკური ბრენდინგის შესახებ ორგანიზებულ კურსზე.