ვინ არიან კორეელები?
საიდან წარმოიშვა სახელი „კორეა“?
რატომ დაიწყო კორეის ომი?
რამ განაპირობა კორეის საოცარი წარმატება?
რა გაკვეთილები შეიძლება გავითვალისწინოთ საქართველოსთვის?
ამ წიგნში ამ და სხვა კითხვებზე ვეცდები გავცე პასუხი.
კორეის ნახევარკუნძულს გააჩნია 2000-წლიანი წერილობითი ისტორია და მდიდარი და უნიკალური კულტურული ტრადიცია, რომელიც ჰომოგენიზაციისა და პოლიტიკური ერთობის მაღალი დონით ხასიათდება.
ნახევარკუნძულზე არსებული პოლიტიკური ერთობა, რომელიც პოლიტიკურ ერთეულად 676 წლიდან არსებობს, ერთ-ერთი უძველესი უწყვეტი პოლიტიკური ერთეულია კაცობრიობის ისტორიაში.
საკუთარ მეზობლებთან: რუსეთითან, ჩინეთსა და იაპონიასთან შედარებით კორეა მცირე სახელმწიფოა, რომელსაც დიდი სახელმწიფოების ინტერესების კვეთაზე არსებობა უწევს.
ამით კორეა საქართველოს ჰგავს – ქვეყნის ადგილმდებარეობა კორეისთვის ერთდროულად წყევლა და კურთხევა აღმოჩნდა.
წიგნის მთავარი მიზანი არის გავაცნოთ ქართველ მკითხველს შორეული, მაგრამ ძალიან საინტერესო ქვეყანა – კორეა, რომლის გამოცდილება სასიცოცხლოდ აუცილებლია საქართველოს განვითარებისთვის.
„ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“
ჯორდანო ბრუნო
2015 წელს, როდესაც წილად მხვდა ბედნიერება, კორეის რესპუბლიკას ვწვეოდი, გამაოცა იმ წარმატებამ, რასაც ქვეყანამ სულ რამდენიმე ათწლეულში მიაღწია. ომის შემდეგ ორად გაყოფილი ქვეყნის ერთი ნაწილის წარმატებისა და მეორე ნაწილის წარუმატებლობის ისტორია თვალნათლივ ჩანს იმ 38-ე პარალელზე, რომელზეც ერთ დროს ჰომოგენური სახელმწიფო ორად გახლიჩეს. რამ განაპირობა სამხრეთ კორეის წარმატება და რა გაკვეთილები შეიძლება საქართველომ გაითვალისწინოს? – ეს კითხვები გამიჩნდა მაშინ სამხრეთ კორეაში ყოფნისას.
სწორედ ამ კითხვებზე პასუხის საინტერესო მცდელობას წარმოადგენს გიორგი მელაშვილის წიგნი „კორეა – წარმატების ისტორია“, რომელიც კორეის შესახებ ქართულ ენაზე შესრულებული პირველი აკადემიური ნაშრომია. ეს არის წიგნი, რომელიც თვალწინ გვიშლის თითქოსდა ასე შორეულ ახალ სამყაროს – კორეას – მისი კულტურით, ისტორიით, დამწერლობით, რელიგიით, პოლიტიკითა თუ ეკონომიკით.
გიორგი მელაშვილის „კორეა – წარმატების ისტორია“ საინტერესოდ მიჰყვება კორეის ისტორიას უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე. ავტორი აღნიშნავს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე „არსებული პოლიტიკური ერთობა, რომელიც პოლიტიკურ ერთეულად 676 წლიდან არსებობს, ერთ-ერთი უძველესი უწყვეტი პოლიტიკური ერთეულია კაცობრიობის ისტორიაში“. გიორგი მელაშვილი დეტალურად აღწერს და აანალიზებს კორეის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ისტორიას, ომის შემდეგ ქვეყნის ორად გაყოფის ტრაგედიას და იმ საერთაშორისო ურთიერთობებს, რომელიც ამ ახლად შექმნილ ორ განსხვავებულ პოლიტიკურ სისტემას ცალ-ცალკე ჩამოუყალიბდა. ავტორი ცდილობს, გარკვეული პარალელი გაავლოს საქართველოს ისტორიის ზოგ მოვლენასთან, რაც ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩენა იქნება.
ჩემთვის ორმაგად საამაყოა ამ წიგნის გამოცემა: ერთი მხრივ, „კორეა – წარმატების ისტორია“ პირველი ქართულენოვანი ნაშრომია, რომელიც ნათლად ასახავს იმ შედეგს, რომელსაც თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, შემდგომ კი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა ემსახურება საქართველოში კორეის კვლევების მიმართულებით, რადგანაც გიორგი სწორედ რომ კორეული მიმართულების კურსდამთავრებულია. მეორე მხრივ, ავტორისგან მერგო პატივი, მისი აკადემიური ნაშრომის პირველი მკითხველი ვყოფილიყავი და მცირედი მონაწილეობა მიმეღო წიგნის ტექსტის საბოლოო ფორმირებაში.
ასევე ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ავტორის გადაწყვეტილებით, წიგნში ასევე შევიდა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტების ლიზი ლაკიას, მარიამ ანთაძისა და გიორგი ფეიქრიშვილის ნაშრომები, რომლებიც კორეის ეკონომიკის, რელიგიებისა თუ პოლიტიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის.
დაბოლოს, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში, სადაც სულ უფრო პოპულარული ხდება კორეული კულტურა და კორეის მიმართ ინტერესი იზრდება, გიორგი მელაშვილის ქართულ ენაზე შესრულებული წიგნი „კორეა – წარმატების ისტორია“ კორეით დაინტერესებული მკითხველებისთვის ძალიან კარგი საჩუქარი იქნება.
თავისუფალი უნივერსიტეტის
საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი
პროფესორი, დოქტორი
თინათინ ქაროსანიძე
წიგნის შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“, თბილისი, ჭავჭავაძის 17ბ ან დააჭირეთ ღილაკს ქვემოთ:
წიგნის შეძენა