Europe-Georgia Institute

გიორგი მელაშვილი

გიორგი მელაშვილი ბიოგრაფიაგიორგი მელაშვილი – ევროპულ-ქართული ინსტიტუტის, საქართველოს წამყვანი სამოქალაქო ორგანიზაცისი, დამფუძნებელი, „კორეა – წარმატების ისტორია“ წიგნის ავტორი.

გიორგის ბაბუა, ალექსანდრე ბერულავა, გამოჩენილი ქართველი ჟურნალისტი, აფხაზეთის ქართული ტელევიზიის დაფმუძნებელი, აფხაზეთში ომის დროს იყო აფხაზეთის ტელევიზიის ხელმძღვანელი, სამხედრო პრესცენტრისა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრესცენტრის ხელმძღვანელი. სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ მინისტრთა საბჭოს შენობის ალყისა და შტურმის დროს, იგი დაიღუპა ჟიული შარტავასა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად. საქართველოს პრეზიდენტმა იგი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

2021 წლიდან მელაშვილი არის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ლექტორი და უძღვება საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების კურსს. 2012 – 2016 წლებში გიორგი სწავლობდა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, არის შორეული აღმოსავლეთის სპეციალისტი. უნივერსიტეტში სწავლის დროს კორეის რესპუბლიკის მთავრობის მოწვევით მან მონაწილეობა მიიღო კორეული მეცნიერებების აკადემიის სასწავლო კურსში, რომელიც ეხებოდა კორეის ეკონომიკურ განვითარებას, საერთაშორისო პოლიტიკას აზიის რეგიონში და კორეული ენის შესწავლას. მოგვიანებით სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე.

2013 წელს გიორგი მონაწილეობდა ლიდერობის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რომელიც საქართველოში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების, თავისუფალი უნივერსიტეტისა და საერთაშორისო სპარკ პროგრამის ორგანიზებით განხორციელდა. 2014 წლის ზაფხულში ისრაელის მთავრობის სტიპენდიით იგი მონაწილეობდა ისრაელში ხაიფას უნივერსიტეტის კურსში ისრაელის, კონტრ-ტერორიზმისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ. 2015 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ადელფის უნივერსიტეტში გაიარა სპეციალური მოსამზადებელი პროგრამა და გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზში სიტყვით გამოვიდა. 2018 წლის ბოლოს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მოწვევით, იგი იმყოფებოდა გერმანიაში ლიდერობის საერთაშორისო აკადემიის მიერ პოლიტიკური ბრენდინგის შესახებ ორგანიზებულ კურსზე.

2015 წელს გიორგიმ, შაკო ჩხეიძესა და რეზი თოფურიასთან ერთად, დაარსა ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია.

2017 წელს გიორგი გაემგზავრა შვედეთში, მალმიოს უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობდა შვედეთის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ საზაფხულო აკადემიაში ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. მელაშვილი შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის ბორდის არჩეული წევრია. 2021 წლის აპრილში შვედეთის ინსტიტუტმა მელაშვილი ინსტიტუტის პროგრამების 15 000 მონაწილეს შორის ამოარჩია და ცვლილების მომტან წარმატებულ კურსდამთავრებულთა ათეულში დაასახელა.

2022 წელს გამოიცა გიორგი მელაშვილის წიგნი კორეა: წარმატების ისტორია, რომელიც ქართულ ენაზე კორეის შესახებ პირველი აკადემიური გამოცემაა. „კორეა – წარმატების ისტორია“ საინტერესოდ მიჰყვება კორეის ისტორიას უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე. ავტორი დეტალურად აღწერს და აანალიზებს კორეის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ისტორიას, ომის შემდეგ ქვეყნის ორად გაყოფის ტრაგედიას, კორეის დემოკრატიულ ტრანზიციას და იმ საერთაშორისო ურთიერთობებს, რომელიც ამ ახლად შექმნილ ორ განსხვავებულ პოლიტიკურ სისტემას ცალ-ცალკე ჩამოუყალიბდა და  ცდილობს, გარკვეული პარალელი გაავლოს საქართველოს ისტორიის ზოგ მოვლენასთან. წიგნის პრეზენტაცია 2022 წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა.

მელაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დემოკრატიის თაობის, ევროპის ახალგაზრდული დემოკრატიული ქსელის (EDYN), ასევე საერთაშორისო მეცნიერებების ასოციაციის (ISA) წევრია.

ამ გვერდის შინაარსი და ფოტოსურათი ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported License.
ყურადღება: ეს შენიშვნა არ ვრცელდება ვებ-გვერდის სხვა მასალებზე. ფოტოსურათის ავტორებია გოგა კიკილაშვილი და დავით თაბაგარი.
Creative Commons License

Copyright 2022 © George Melashvili

Proudly powered by WordPress